ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკა და პროცედურები

დოკუმენტი დამტკიცებულია 

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის
ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის
დირექტორის მ/შ
2023 წლის 31 ივლისის N2-315 ბრძანებით

 თავი I. ზოგადი დებულებები

 მუხლი 1. პოლიტიკის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკა და პროცედურები (შემდგომში- პოლიტიკა) განსაზღვრავს სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) საგანმანათლებლო პროცესებში ინფორმაციული სისტემების და ელექტრონული სერვისების მოხმარების წესს, რეგულაციებს, განვითარების მექანიზმებს, გამოყენების საკითხში ზოგად მიდგომებს და წესებს.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკა სავალდებულოა გამოსაყენებლად სკოლის საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული ყველა პირისათვის, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმური წვდომა სკოლის კომპიუტერულ, ქსელურ და საინფორმაციო რესურსებთან.

3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკა ეყრდნობა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ სტანდარტებსა და პრინციპებს.

 მუხლი 2. პასუხისმგებლობები და ზოგადი პრინციპები

1. სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს გააჩნია შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჰქონდე წვდომა სკოლის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან.

2. პასუხისმგებლობა პროცედურის დანერგვასა და დაცვაზე ეკისრება საინფორმაციო  მენეჯერს, ხოლო მის შესრულებაზე პასუხისმგებელია სკოლის ყველა თანამშრომელი.

3. ტექნიკის დაზიანების ან პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, თითოეული თანამშრომელი ვალდებულია აცნობოს პრობლემა საინფორმაციო მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელია პრობლემის დროულად მოგვარებაზე და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

4. დაუშვებელია მესამე პირების მიერ სკოლის კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამებით სარგებლობა.

თავი II. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროგრამული უზრუნველყოფა

 მუხლი 3. სკოლის ტექნიკით აღჭურვილობა

1. სკოლა აღჭურვილია სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის აუციელებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით:

1.1. მონიტორებით აღჭურვილი საკლასო ოთახები;

1.2. კომპიუტერებით აღჭურვილი და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფილი კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, კანცელარია, დირექცია, მანდატურის ოთახი, რესურს ოთახი, ექიმის ოთახი;

1.3. სკოლა უზრუნველყოფილია პროექტორებით;

1.4. კომპიუტერულ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია ჭკვიანი დაფა (SMART BOARD).

2. დაწყებითი განათლების მასწავლებლებისთვის გამოყოფილია ლეპტოპები.

3. სკოლაში საზიარო სივრცეები უზრუნველყოფილია wifi მოწყობილობებით.

 მუხლი 4. სკოლის ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების წესები

1. სკოლაში არსებული კომპიტერული ტექნიკა წარმოადგენს სკოლის საკუთრებას.

2. სკოლის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს და საინფორმაციო მენეჯერს. საინფორმაციო მენეჯერი პასუხისმგებელია მომხმარებლის ინფორმაციის დაბლოკვაზე.

3. ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია კომპიუტერისა და მასთან მიერთებული პერიფერიული მოწყობილობების გამორთვა.

3. მომხმარებელი პასუხისმგებელია:

3.1. მომხმარებელზე ჩაბარებული კომპიუტერული ტექნიკის ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებაზე.

3.2. მომხმარებელზე ჩაბარებული ტექნიკის დაკარგვის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებაზე.

4. აკრძალულია კომპიუტერის ან მისი რომელიმე ნაწილის სხვა პირზე გადაცემა, კომპიუტერზე დამატებითი, შიდა და პერიფერიული მოწყობილობების მიერთება, კომპიუტერული და სხვა საკომუნიკაციო ტექნიკის დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა უფლებამოსილი პირის  წერილობითი ნებართვის გარეშე;

5. თითოეულ კომპიუტერზე დაყენებულია მხოლოდ აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა.

6. დამატებითი პროგრამების დაყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს თანამშრომელზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებლობას და შეთანხმებულია სკოლის დირექტორთან.

7. კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას და განახლებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის IT სპეციალისტი.

8. პროგრამების დაყენების უფლება აქვს მხოლოდ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის IT სპეციალისტს.

9. იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერული ტექნიკა საჭიროებს სისტემის შეცვლა/განახლებას, საინფორმაციო მენეჯერი ან ნებისმიერი თანამშრომელი, რომლის სარგებლობაშია გადაცემული აღნიშნული ტექნიკა ვალდებულია ოახდინოს სამსახურეობრივი ფაილების არასისტემურ ლოკალურ დისკზე ან/და სკოლის ღრუბლოვან სივრცეში მიგრაცია;

10. მიგრაციაში უნდა მოხვდნენ მხოლოდ სამსახურეობრივი ფაილები. არასამსახურეობრივი ფაილების აღმოჩენის შემთხვევაში მის მფლობელს ეკისრება ხსენებული ფაილების პირად შემნახველ მოწყობილობაზე გადატანის ვალდებულება.

თავი III. კომპიუტერული ლაბორატორიითა და ინტერნეტით სარგებლობა

 მუხლი 5. ლაბორატორიით სარგებლობის მიზნები, ამოცანები და ძირითადი პრინციპები

1.    კომპიუტერული ლაბორატორიების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა, ცალკეული საგნობრივი პროგრამების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.

2.    კომპიუტერული ლაბორატორიით  სარგებლობის  ძირითად ამოცანებია:

2.1. კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მოსწავლეების აუცილებელი ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფა;

2.2. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება;

2.3. ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირების გზით მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარება.

3. ლაბორატორიით სარგებლობიძირითადი პრინციპები მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიზნობრივი გამოყენება და თანაბარი ხელმისაწვდომობაა.

 მუხლი 6. კომპიუტერული ლაბორატორიის აღჭურვილობით სარგებლობის წესები

1.   კომპიუტერული ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და ქსელური მოწყობილობებით და გამიზნულია:

1.1. სასწავლო პროცესში მოსწავლეების თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის;

1.2. სკოლის თანამშრომელთა მიერ მათი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის;

1.3. საგაკვეთილო,  სადემონსტრაციო და საგამოცდო მიზნებისთვის.

2.    კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:

2.1. ტექსტის შეყვანა და რედაქტირება;

2.2. ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;

2.3. ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;

2.4. ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

2.5. სასწავლო პროგრამებზე მუშაობა;

3.   კომპიუტერთან მუშაობისას აკრძალულია:

3.1. კომპიუტერში რაიმე პროგრამული ფაილის ჩაწერა და წაშლა;

3.2. კომპიუტერის გამოყენება თამაშებისა და სხვა გართობისათვის;

3.3. კომპიუტერის გაუმართავად მუშაობის შემთხვევაში, ხარვეზის თვითნებური გასწორება;

4. დაუშვებელია:

4.1. ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის დაზიანება;

4.2. ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის ლაბორატორიიდან გატანა პასუხისმგებელი პირის ნებართვის გარეშე;

4.3. მასწავლებლის გარეშე, უნებართვოდ მოსწავლის მიერ ლაბორატორიით სარგებლობა;

4. კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაში მშობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუკი იგი გამოწვეულია მოსწავლის დაუდევრობით ან განზრახ ქმედებით.

 მუხლი 7. კომპიუტერული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

1. კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს სკოლის საინფორმაციო მენეჯერი.

2. კომპიუტერული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვალდებულია:

2.1. უზრუნველყოს სკოლის ლაბორატორიის მოვლა-პატრონობა და დაიცვას უსაფრთხოების წესები; 2.2. კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს და დაეხმაროს სკოლაში სასწავლო, პროცესების მიზნობრივად წარმართვას;

2.3. კოორდინირებული სასწავლო პროცესის დანერგვისა და განხორციელების მიზნით განახორციელოს კომპიუტერული ლაბორატორიის კონტროლი.

2.4. მასწავლებლებთან შეთანხმებით შეადგინოს ლაბორატორიაში მუშაობის განრიგი.

2.5. უზრუნველყოს კომპიუტერული ლაბორატორიის მომზადება მასწავლებლების მხრიდან საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად წარსამართად და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახამრება საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს;

2.6. ტექნიკის გამოყენების მიზნობრიობისა და თანაბარი ხელმისაწვდომიბის მიზნით ყოველი სასწავლი წლის დასაწყისში შეიმუშაოს მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის საზიარო სივრცეებში სარგებლობის განრიგი და წესები და განათავსებს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე;

2.7. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული გამართულობისა და გაუმჯობესების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით ჩაატაროს გამოკითხვებ სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებში.

         მუხლი 8. მოსწავლის/მასწავლებლის პასუხისმგებლობა

1. მასწავლებელი/მოსწავლე ვალდებულია დაიცვას ლაბორატორიით სარგებლობის წესები.

2. წესების განსაკუთრებული დარღვევისათვის მასწავლებელს/მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 მუხლი 9. ინტერნეტის გამოყენების წესები

1. ინტერნეტი წარმოადგენს სკოლის საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელ ინსტრუმენტს. იგი მიეწოდება ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს, მისი გამოყენება ნებადართულია საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე.

2. სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე,  საჭიროების შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის IT სპეციალისტი ვალდებულია შეზღუდოს სოციალური ქსელების მოხმარება და ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული სხვა აკრძალული ინტერნეტ რესურსებზე წვდომა.

3. აკრძალულია:

3.1. არაეთიკური, ამორალური, პორნოგრაფიული, ტერორისტული, ჯაშუშური და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ვებ-გვერდების დათვალიერება და გამოყენება;

3.2. გაცნობის, გასართობი, სათამაშო, აზარტული და მსგავსი ტიპის ვებგვერდების გამოყენება, რომლებიც არ არის პირდაპირ კავშირში სკოლის საქმიანობასთან.

4. სკოლის შენობებში შემოყვანილია ოპტიკური ინტერნეტი.

5. უსადენო ქსელით დაფარულია სკოლის მთლიანი შენობა და ხელმისაწვდომია სკოლის მოსწავლეების და  პერსონალისთვის.

 თავი IV. ელექტრონული სისტემები და მათი გამოყენების წესები

მუხლი 10. ელექტრონული სერვისები და მართვის ელექტრონული სისტემები

1. სკოლა, თავის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ახორციელებს შემდეგი სახის ინფორმაციული სისტემების გამოყენებას:

1.1. სკოლების პორტალის ოფიციალური გვერდი - სკოლის გვერდი

1.2. სკოლის ოფიციალური ბლოგი - https://skola9gori.blogspot.com/

1.3. სკოლის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი - https://www.facebook.com/gorischool9

1.4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემa  - eSchool

1.5. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eFlow

1.6. სკოლის ელექტრონულ ფოსტას (gori9@mes.gov.ge)

1.7. ელექტრონული ჟურნალი - https://onlineschool.emis.ge/

1.8. https://email.mes.gov.ge/ საგანმანათლებლო პლატფორმები.

2. სკოლების პორტალზე განთავსებული სკოლის ოფიციალური გვერდის, ბლოგისა და ფეიბუკ გვერდის საშუალებით ნებისმიერი დაინტერესებული პირი იღებს საჯარო ინფორმაციას;

3. ინტერნეტ-გვერდების, eSchool ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრირებაზე, ინფორმაციის დროულ განთავსება/განახლებაზე და მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელია სკოლის საინფორმაციო მენეჯერი.

4. eFlow საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ხდება საქმისწარმოება და დოკუმენტთბრუნვა, სკოლაში შემოსული და გასული დოკუმენტების, შიდა დოკუმენტების, მათ შორის ბრძანებების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა.

5. eFlow საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია სკოლის საქმისმწარმოებელი, რომელიც ახდენს საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის წესს და შესრულების კონტროლს.

6. სკოლის ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლები არიან სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი და ბუღალტერი.

7. ელექტრონული ჟურნალზე და პერსონალური მონაცემთა დაცვაზე მონიტორინგს აწარმოებს სკოლის დირექტორის მოადგილე.

8. სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

 მუხლი 11. დოკუმენტბრუნვის სისტემის და ელექტრონული ფოსტის გამოყენება

1. დოკუმენტაციის ბრუნვის პროგრამა წარმოადგენს სკოლის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გვერდს, რომელიც განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის. დაუშვებელია შიდა ინფორმაციის საჯაროობა.

2. სკოლაში ახალი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე სკოლა აგზავნის მონაცემებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, სადაც ხდება მისი დარეგისტრირება, ინფორმაციულ სისტემაში ავტორიზაციისთვის საჭირო „მომხმარებლის“ და პაროლის გადაცემა.

3. თანამშრომელი პასუხისმგებელია პირველადი პაროლის შეცვლაზე და შესაბამისად ინფორმაციის დაცულობაზე, ისევე როგორც თავისი პირადი ფაილების უსაფრთხოდ შენახვა/დაარქივებაზე.

3. თანამშრომლისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მინიჭებული პირადი ანგარიში და eFlow პირადი გვერდი წარმოადგენს თანამშრომლის საკუთრებას და გადაეცემა დროებით სარგებლობაში.

4. მოსწავლისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მინიჭებული პირადი ანგარიში წარმოადგენს მის საკუთრებას და გადაეცემა დროებით სარგებლობაში სკოლის დამთავრებამდე.

5. ყველა მასწავლებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს სამსახურეობრივი ოფიციალური ელექტრონული ფოსტა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის eFlow პირადი გვერდი.

6. მიუხედავად ანტივირუსის არსებობისა, ყველა მომხმარებული ვალდებულია გაუხსნელად წაშალოს საეჭვო, უცნობი გამომგზავნის მისამართიდან მიღებული ელექტრონული ფოსტა.

7. აკრძალულია:

7.1. შესაბამისი ნებართვის გარეშე სკოლის, თანამშრომლებისა და მოსწავლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შემცველი წერილების გაგზავნა;

7.2. ისეთი წერილების გაგზავნა ან გადაგზავნა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებლურ, უხამს, აგრესიულ ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ ინფორმაციას;

7.3. სასიყვარულო, სექსუალური ან/და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე მიმოწერის წარმოება.

 თავი V. ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა

მუხლი 12. საიდენტიფიკაციო ინფორმაციის „მომხმარებელი“ და პაროლის გამოყენება

1. საიდენტიფიკაციო ინფორმაციის, „მომხმარებელი“ და პაროლის მიღების შემდეგ, თანამშრომელი პასუხისმგებელია ყველა იმ ქმედებაზე, რაც ამ მომხმარებლის სახელით განხორციელდება. თანამშრომელის პირადი პასუხისმგებლობაა დაიცვას საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოხმარების შემდეგი წესები:

1.1. დაუშვებელია სხვა მომხმარებლისთვის პირადი საიდენტეფიკაციო ინფორმაციის გადაცემა და სხვა მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება;

1.2. აკრძალულია სხვა მომხმარებლის საკუთრებაში მყოფი ინფორმაციის ან/და ფაილების დათვალიერება, მოდიფიცირება, კოპირება, წაშლა მისი წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. საჭროების შემთხვევაში სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

2.1. მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მომხმარებლის დაბლოკვის მიზნით;

2.2. მოახდინოს წვდომა სკოლის ბალანსზე არსებულ ტექნიკაზე და განახორციელოს ინფორმაციისა და ფაილების ამოღების ოპერაციები.

3. პაროლის გამოყენების წესი:

3.1. მომხმარებელი ვალდებულია პაროლის მიღების შემდეგ შეცვალოს პაროლი. პაროლი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, მათ შორის დიდ და პატარა ასოებს, ციფრებს და სიმბოლოებს;

3.2. მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს პაროლი, არ გაახმაუროს ის და არ დაწეროს იგი სხვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას, არ გადასცეს პაროლი მესამე პირს;

3.3. მომხმარებელი ვალდებულია შესვენების ან დროებით სამუშაო ადგილის მიტოვების შემთხვევაში გამოვიდეს საკუთარი ანგარიშიდან.

მუხლი 13. ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის წესი

1. სკოლის  ქსელში  ჩართულ  კომპიუტერში  აკრძალულია  პირადი  და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის შენახვა.

2. პერსონალური მონაცემების, სამუშაო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შენახვა, დამუშავება, გადაცემა და ამობეჭდვა უნდა განხორციელდეს შიდა კომპიუტერზე და სარეზერვო მოწყობილობებზე შიდა ქსელის გამოყენებით.

3. დაუშვებელია ელექტრონულ გადასატან მოწყობილობებზე (CD-DVD, USB FLASH, USB HDD და სხვა) სამუშაო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შენახვა/გატანა, სკოლის დირექტორთან შეუთანხმებლად.

4. სამუშაო ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გადაცემა შიდა ქსელში უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტით, სამსახურეობრივი ღრუბლოვანი სივრციდან გაიზარებული საქაღალდით ან eFlow განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დოკუმენტბრუნვის მეშვეობით.

 მუხლი 14. ვირუსებისა და საზიანო პროგრამებისგან დაცვა

1. სკოლის ყველა კომპიუტერზე და ნოუთბუქზე, რომლებიც დაკავშირებულია სკოლის კომპიუტერულ ქსელთან, დაინსტალირებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი პარამეტრების მქონე ვირუსებისა და საზიანო პროგრამებისაგან დაცვის პროგრამული უზრუნველყოფა.

2. დაუშვებელია, ვირუსებისა და საზიანო პროგრამებისაგან დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებლად გათიშვა. მისი პარამეტრები არ უნდა შეიცვალოს, ასევე არ უნდა შემცირდეს მონაცემთა ბაზის ავტომატური განახლების სიხშირე, რათა არ შემცირდეს დაცვის ეფექტურობა.

 მუხლი 15. პერსონალურ მონაცემების დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოება

1. სკოლაში პერსონალური მონაცემების დაცვა რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის 2023 წლის 14 ივლისის N2-313 ბრძანებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესისა და მონიტორინგის მექანიზმების“ შესაბამისად.

2. სკოლაში ინფორმაციული უსაფრთხოება რეგულირდება სკოლის დირექტორის 17.07.2023 წლის N2-287 ბრძანებით დამტკიცებული „ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მეთოდური რეკომენდაციების“ შესაბამისად.

თავი VI. დასკვნითი დებულებები

მუხლი 16. წესის დარღვევა

1. ამ წესის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესის დარღვევისათვის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებების გატარება, დარღვევის შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით.

მუხლი 17. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

1. წინამდებარე დოკუმენტს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

2. წინამდებარე დოკუმენტი ძალაში შედის ამ დოკუმენტის დამტკიცების თაობაზე სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან.

3. წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

Комментариев нет:

Отправить комментарий